ახალი ომის საფრთხის, მიმდინარე სანქციების და ჰიპერინფლაციის ფონზე ვენესუელას დამოკიდებულება აშშ დოლართან მიბმულ სტეიბლკოინებზე შესაძლოა გაღრმავდეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საკუთარი მოწინავე ავიამზიდი ვენესუელას მახლობლად, კარიბის ზღვაში განათავსა, რითიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში მოქმედი ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელების გეგმებზე მიანიშნა.

ტრამპმა ვენესუელური კარტელები აშშ-ში უკანონო ნივთიერებების კონტრაბანდულად შეტანაში, ოპიოიდური და ნარკოტიკული ეპიდემიის გამძაფრებაში დაადანაშაულა. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ეს ბრალდებები უარყო და ტრამპს ომის დაწყებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვიოს ვენესუელელებისთვის, რომლებიც ხშირად იყენებენ იმგვარ სტეიბლკოინებს, როგორიცაა Tether-ის USDT) რათა დაიცვან თავიანთი დანაზოგები ბოლივარის სამნიშნა ინფლაციის ფონზე.

სტეიბლკოინები, რომლებსაც ბევრი ვენესუელელი “Binance დოლარს“ უწოდებს, ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ გადახდებშიც, რადგან ქვეყანაში აშშ დოლარის რეზერვები შემცირებულია.

ვენესუელის მთავრობა სტეიბლკოინებს იყენებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის რუსეთთან ნავთობით ვაჭრობისთვისაც, რომელთანაც მან სტრატეგიული პარტნიორობა ორშაბათს გააფორმა.

The New York Times-ის თანახმად, მადურომ “ ეკონომიკის სტეიბლკოინებზე გადაწყობა“ მოახერხა და ვენესუელა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც საჯარო ფინანსების დიდ ნაწილს კრიპტოვალუტებით მართავს.

The New York Times-ის ცნობითვე, სტეიბლკოინები „ამჟამად ვენესუელის ეკონომიკაში კანონიერად შემოსული მყარი ვალუტის თითქმის ნახევარს შეადგენს“

ვენესუელა LATAM კრიპტოს ათვისებაში მეოთხე ადგილზეა

კრიპტო ანალიტიკურმა პლატფორმა Chainalysis-მა ამ თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტების ათვისების კუთხით, ვენესუელა ლათინურ ამერიკაში მეოთხე ადგილზეა, რასაც სამნიშნა ინფლაციამ და სანქციებმა შეუწყო ხელი. 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე მიღებული კრიპტოს ღირებულება ქვეყანაში $44.6 მილიარდს შეადგენს.

ვენესუელა მხოლოდ ბრაზილიას, არგენტინასა და მექსიკას ჩამორჩება, რომლებსაც უფრო დიდი მოსახლეობა ჰყავთ.

აქტივების დასაცავად კრიპტოვალუტას ერთ-ერთი ვენესუელელი პოლიტიკოსიც იყენებს

ვენესუელაში კრიპტოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამომყენებელია ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მარია კორინა მაჩადო, რომელიც თავისი აქტივების კონფისკაციისგან Bitcoin-ს (BTC) იყენებს.

ამ თვის დასაწყისში მას ნობელის მშვიდობის პრემიაც მიენიჭა ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისთვის ბრძოლისა და მადუროს ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის.

2013 წელს მადუროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჰიპერინფლაციის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტისა და სახელმწიფოებრივი არეულობის გამო ქვეყანა თითქმის 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

ბევრმა საბანკო ანგარიშებზე წვდომაც დაკარგა, რამაც ისინი აიძულა, მიემართათ კრიპტოსა და სტეიბლკოინებისთვის, რათა ქონება შეენარჩუნებინათ და ვენესუელიდან გადაეტანათ.