ვენჩურული კაპიტალის ფირმა Andreessen Horowitz-ის (a16z) თანახმად, 2025 წელს კრიპტოვალუტის ბაზრის ფორმირებაზე მზარდ გავლენას ახდენს ინსტიტუციური ადაპტაცია და სტეიბლკოინების მზარდი გამოყენება, რაც ხაზს უსვამს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში მიღწეულ სწრაფ პროგრესს.
a16z-მა State of Crypto-ს ბოლო ანგარიშში ხაზი გაუსვა ისეთი ტრადიციული ფინანსური გიგანტების მზარდ ჩართულობას, როგორებიცაა BlackRock-ი, Visa-ი, Fidelity-ი და JPMorgan Chase-ი და სხვა ფინტექ კომპანიები, მათ შორის, Stripe-ი, PayPal-ი და Robinhood-ი. ყველა მათგანი ზრდის ციფრული აქტივების მარაგებს.
ეს ზრდა, ნაწილობრვი, განპირობებულია ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. ზოგიერთი ქსელი ახლა წამში 3,400-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამტარუნარიანობის 100-ჯერ ზრდას ნიშნავს.
სტეიბლკოინების ადაპტაციას ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეუწყო ხელი. ისინი ნაღდ ფულზე მიბმული ციფრული ტოკენებია, რომელთა მეშვეობითაც, ტრანზაქციის განხორციელება ტრადიციულ გადახდის სისტემებზე დამოკიდებულების გარეშეა შესაძლებელი. ანგარიშის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში, სტეიბლკოინების ტრანზაქციების მოცულობამ $9 ტრილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 87%-იანი ზრდაა.
კორექტირების გარეშე, სტეიბლკოინების ტრანზაქციების ღირებულება იმავე პერიოდში $46 ტრილიონს შეადგენდა.
„წინა წლებში, სტეიბლკოინები, ძირითადად, სპეკულაციური კრიპტოვაჭრობის დასასრულებლად გამოიყენებოდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ისინი დოლარის გაგზავნის ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალება გახდა მსოფლიოში“, — ნათქვამია ანგარიშში.
ადაპტაციას ასევე ხელს უწყობს რეგულაციური ცვლილებებიც. შეერთებულ შტატებში ახლახან მიღებული GENIUS Act-ი ადგენს უფრო მკაფიო ზედამხედველობასა და რეზერვების მოთხოვნებს, რაც გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. დიდ ბრიტანეთში, სადაც საკანონმდებლო პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, რეგულატორები სტეიბლკოინების ჩარჩოს შემუშავებაზე ახლა მუშაობენ. პროცესის დასრულება მომავალ წელსაა დაგეგმილი.
Stablecoin-ების მიღმა, a16z-მა მიუთითა კრიპტოსექტორში ინსტიტუციური მონაწილეობის ზრდაზე — მათ შორის სპოტ ETF-ების გავრცელებასა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების (Citigroup, Fidelity, JPMorgan, Morgan Stanley) მცდელობებზე, მეტი კრიპტოსერვისი შესთავაზონ მომხმარებლებს.
სტეიბლკოინები “გლობალური მაკროეკონომიკური ძალაა”
State of Crypto ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რომ სტეიბლკოინები თანდათან „გლობალური მაკროეკონომიკური ძალა“ ხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ დოლარის მთელი მიმოქცევის 1%-ზე მეტი ახლა საჯარო ბლოკჩეინებზე სტეიბლკოინების სახით არსებობს.
a16z-ის თანახმად, სტეიბლკოინებით მთლიანობაში $150 მილიარდზე მეტია შენახული აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, რაც მათ აშშ-ის სახელმწიფო ვალის მე-17 უმსხვილეს მფლობელად აქცევს და მრავალ სუვერენულ სახელმწიფოს უსწრებს წინ.
ამ მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ბაზრის ლიდერზე, Tether-ზე, დაახლოებით, $127 მილიარდის ოდენობის სახაზინო ობლიგაციებით.
CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, სტეიბლკოინების ბაზარი მთლიანობაში, დაახლოებით, $316 მილიონამდე გაფართოვდა. Tether-ის USDt-ის (USDT) და Circle-ის USDC-ის (USDC) გარდა, რომლებიც სრულად უზრუნველყოფილი სტეიბლკოინებია, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს Ethena-ის სინთეზური დოლარი, USDe, რომლის მიმოქცევაში არსებული მოცულობა, დაახლოებით, $11 მილიარდს შეადგენს.