რუმინეთის აზარტული თამაშების ეროვნულმა ოფისმა (ONJN) Polymarket-ი შავ სიაში შეიყვანა და უწოდა არალიცენზირებული სათამაშო პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე მოქმედებს.

მარეგულირებლის თანახმად, გადაწყვეტილება მოჰყვა კრიპტოზე დაფუძნებული ფსონების ზრდას რუმინეთის საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს, როდესაც Polymarket-ის სავაჭრო მოცულობამ, $600 მილიონს გადააჭარბა.

ONJN-მა დაამატა, რომ ეს მოდელი აშკარად ექვემდებარება აზარტული თამაშების კანონებს, მიუხედაცად იმისა, რომ მისი ფორმატი ბლოკჩეინზეა დაფუძნებული.

ONJN-ის პრეზიდენტმა, ვლად-კრისტიან სოარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი “არა ტექნოლოგიას, არამედ კანონს ეხება“. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ფსონები ეროვნულ ვალუტაში იქნება თუ კრიპტოში — ისინი მაინც კვალიფიცირდება აზარტული თამაშებად და უნდა იყოს ლიცენზირებული.

“Polymarket-ზე ვაჭრობა აზარტული თამაშია”

ხელისუფლებამ დაასახელა რამდენიმე დარღვევა, მათ შორის, ფისკალური ანგარიშგების, მოთამაშის დაცვის მექანიზმებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) ზედამხედველობის არარსებობა.

მიუხედავად იმისა, რომ Polymarket-ი თავს “მოვლენებით ვაჭრობის“ პლატფორმას უწოდებს, ONJN-ში ამბობენ, სტრუქტურა, რომელშიც მომხმარებლები ფულს დებენ გაურკვეველ შედეგებზე, ხოლო პლატფორმა საკომისიოს იღებს, აზარტული თამაშების ყველა სამართლებრივ განმარტებას აკმაყოფილებს. ამიერიდან, რუმინეთის ინტერნეტ-პროვაიდერებს მოეთხოვებათ, დაბლოკონ საიტზე წვდომა.

Polymarket-ის მომხმარებლები ფსონებს დებენ ნიუ-იორკის მერის არჩევნებზე. წყარო: Polymarket

მსგავს ზომებს იღებენ სხვა ქვეყნებშიც. 2022 წელს, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) Polymarket-ი არარეგისტრირებული დერივატივების ბაზრების ფუნქციონირებისთვის დააჯარიმა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის წვდომა დაბლოკა.

წვდომა შეზღუდეს მარეგულირებლებმა ბელგიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, სინგაპურსა და ტაილანდშიც. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, Polymarket-ი ზრდას განაგრძობდა და ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მშობელი კომპანიისგან, Intercontinental Exchange-ისგან, $2 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა.

Polymarket-ი აშშ-ში დაბრუნებისთვის ემზადება

როგორც ცნობილია, Polymarket-ი აშშ-ში ვაჭრობის განახლებას უახლოეს კვირებში გეგმავს, თავდაპირველად, სპორტთან დაკავშირებულ ბაზრებზე ფოკუსით. Bloomberg-ის თანახმად, პლატფორმა მიზნად ისახავს, ნოემბრის ბოლომდე ხელახლა გახსნას შეზღუდული ვაჭრობა ამერიკელი მომხმარებლებისთვის.