ერთ-ერთი ამერიკელი კანონმდებელი ითხოვს, აეკრძალოს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მის ოჯახსა და კონგრესის წევრებს კრიპტოვალუტით ან აქციებით ვაჭრობა.
კალიფორნიის მე-17 კონგრესის ოლქიდან დემოკრატების წარმომადგენელმა და კონგრესის პროგრესული კავშირის ვიცე-თავმჯდომარე რო ქანამ MSNBC-ზე გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა კრიპტოსთან მიმართებით ტრამპის აშკარა ინტერესთა კონფლიქტის გამო, რაც დაკავშირებულია მისი შვილის კრიპტოპროექტთან World Liberty Financial (WLFI). მან “აშკარა კორუფცია“ უწოდა ტრამპის მიერ Binance-ის თანადამფუძნებლის, ჩანპენ (CZ) ჭაოს შეწყალებასაც.
“უცხოელი მილიარდერი ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული და ფაქტობრივად ტერორისტებს აფინანსებდა, შემდეგ კი მან შუამდგომლობა შეიტანა დონალდ ტრამპისგან შეწყალების მისაღებად”, - თქვა რო ქანამ CZ-ზე საუბრისას.
ჩანპენ ჭაომ მსგავს ბრალდებებს ცოტა ხნის წინ უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი “ფაქტებში ვერ ერკვევიან“.
CZ-მ დანაშაული აღიარა აშშ-ის საბანკო საიდუმლოების აქტის დარღვევის ერთ ეპიზოდში, რადგან Binance-ში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) პროგრამის დანერგვა ვერ შეძლო.
ქანამ განაცხადა, რომ Binance-ის თანადამფუძნებელი WLFI-ის ფინანსური მხარდაჭერის გამო გადაურჩა სასჯელს.
“და რას აკეთებს CZ? ის ამბობს: “მე მხარს ვუჭერ World Liberty-ს”, რომელიც პრეზიდენტის შვილის კრიპტოფირმაა და რომლითაც ისინი მილიონობით დოლარს შოულობენ, სანამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტია. დონალდ ტრამპი მას იწყალებს, ის კი ტრამპის სტეიბლკოინს აფინანსებს”, - ამბობს ქანა.
ტრამპი WLFI-სთან კავშირის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა, მისმა ვაჟი, ერიკ ტრამპი უარყოფს, რომ მამამისს რაიმე კავშირი აქვს პროექტთან. სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში ერიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამამისი “მართავს ქვეყანას და ის ამ ბიზნესში არანაირი ფორმითა და სახით არ არის ჩართული”.
აღსანიშნავია, რომ ქანას კანონმდებლობის დეტალებზე არ უსაუბრია, საუბარი კი “ნებისმიერი არჩეული თანამდებობის პირისთვის კრიპტოვალუტის ფლობისა და უცხოური ფულის მიღების აკრძალვის” მოწოდებით დაასრულა.
სამთავრობო ჩანაწერების თანახმად, უახლესი კანონპროექტი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ არის.
სამთავრობო მოხელეებისთვის ვაჭრობის აკრძალვა
დიდი ხანია მიმდინარეობს დებატები საკითხზე, უნდა მიეცეთ თუ არა სამთავრობო მოხელეებს ინვესტიციების განხორციელების უფლება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სააქციო ბაზარი.
ამჟამად აშშ-ში მსჯელობენ ორპარტიული კონგრესის აქციებით ვაჭრობის კანონპროექტის ირგვლივ, რომელზეც კენჭისყრა მალეა მოსალოდნელი.
მართალია, ქანა ტრამპის კრიპტოსთან კავშირებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ მას თავადაც აქვს გარკვეული ინტერესები აქციების ბაზარზე, რაც პოტენციურ თვალთმაქცობაზე შეიძლება მიუთითებდეს.
Quiver Quant-ის მონაცემების თანახმად, 2025 წელს ქანას აქციებით ვაჭრობის მოცულობა $80.3 მილიონს შეადგენდა.
2017 წელს, კალიფორნიის წარმომადგენლად გახდომის შემდეგ, ქანამ 35,000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა, რაც ჯამში $580 მილიონზე მეტს შეადგენს. მისი ტოპ სამი სავაჭრო სექტორია ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ჯანდაცვა.