Cointelegraph
Ezra ReguerraEzra Reguerra

NFT და მიმკოინების ბაზრები ერთთვიანი ვარდნის შემდეგ აღდგენას იწყებს

NFT-ის ფასების ზრდა სელექციურია და აქ "ლურჯი ვეშაპები" ლიდერობენ, ხოლო მიმკოინების ღირებულება ბაზარზე განწყობის გაუმჯობესების ფონზე გაიზარდა.

NFT და მიმკოინების ბაზრები ერთთვიანი ვარდნის შემდეგ აღდგენას იწყებს
ახალი ამბები

გასული კვირის განმავლობაში, არაჩანაცვლებადი ტოკენებისა (NFT) და მიმკოინების ბაზრები მცირედით აღდგა, რაც კრიპტო სივრცეში რისკის სენტიმენტის გაუმჯობესებას ემთხვევა.

სამშაბათს, CoinGecko-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ NFT-ის გლობალური საბაზრო კაპიტალიზაცია 5 ნოემბრის $3.5 მილიარდიდან $3.9 მილიარდამდე გაიზარდა, რაც თითქმის 12%-იანი ზრდაა ერთ კვირაში.

კვირების განმავლობაში შეზღუდული აქტივობის შემდეგ, ტრეიდერები, როგორც ჩანს, მაღალრისკიან აქტივებს უბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება მაკრო გაურკვევლობა, რომელიც აშშ-ის მთავრობის “შათდაუნის” საკითხითაა განპირობებული.

აღდგენა NFT-ის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის მკვეთრი კლების შემდეგ მოხდა. როგორც Cointelegraph-ი იტყობინებოდა, NFT-ის გლობალური საბაზრო ღირებულება 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით 46%-ით დაეცა.

გლობალური NFT საბაზრო კაპიტალიზაციის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinGecko

აღდგენა არ შეეხო ყველა "ლურჯ ჩიპს"

CryptoSlam-ის თანახმად, ტოპ-20 NFT კოლექციიდან მხოლოდ ნაწილში დაფიქსირდა გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა.

მონაცემებმა აჩვენა, რომ CryptoPunks-ის შვიდდღიანი გაყიდვები 22.8%-ით გაიზარდა და თითქმის $3 მილიონს მიაღწია, ხოლო Mutant Ape Yacht Club-ისა და Milady Maker-ის გაყიდვები, შესაბამისად, 36.5%-ით და 80%-ით გაიზარდა.

Polygon-ზე დაფუძნებული Courtyard-ის გაყიდვები ასევე 14%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო მცირე Ethereum პროექტები, როგორიცაა Lil Pudgys, დაახლოებით, 24%-ით.

ამის საპირისპიროდ, Bored Ape Yacht Club-ი (BAYC), Pudgy Penguins-ი და Moonbirds-ი კლებას აგრძელებენ. BAYC-ის გაყიდვები გასულ კვირაში 10.3%-ით დაეცა, ხოლო Pudgy Penguins-მა და Moonbirds-მა, შესაბამისად, 23%-იანი და 2%-იანი ვარდნა დააფიქსირეს.

NFT გაყიდვების მიხედვით ტოპ-10 ბლოკჩეინს შორის უმრავლესობის გაყიდვების მოცულობის კლება 6%-დან 42%-მდე დიაპაზონში იყო, თუმცა კვირის განმავლობაში სამი ქსელი გამოირჩეოდა: BNB Chain (+53%), Polygon (+9.3%) და Flow (+43%).

ეს ხაზს უსვამს, რომ NFT-ის ამჟამინდელი ზრდა კონცენტრირებულია რამდენიმე კოლექციაზე, მაშინ როდესაც ფართო ლიკვიდურობა და ტრეიდერების მონაწილეობა შეზღუდული რჩება.

ბლოკჩეინი NFT გაყიდვების მოცულობის მიხედვით. წყარო: CryptoSlam

მიმკოინების ზრდა მთლიან სექტორს მოიცავს

NFT-ებისგან განსხვავებით, სადაც ზრდა შერჩეულ კოლექციებზე იყო კონცენტრირებული, მიმკოინების სექტორმა ბევრად ფართომაშტაბიანი აღდგენა აჩვენა: საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ-10 მიმკოინის ტოკენმა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ზრდა დააფიქსირა.

Dogecoin-ი (DOGE) გასულ კვირაში 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო Shiba Inu (SHIB) და Pepe (PEPE), შესაბამისად, 10.4%-ით და 7%-ით. Solana-ს ტოპ მიმკოინებიდან Bonk-ი (BONK) 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო Dogwifhat-ი (WIF) 14.2%-ით.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური მიმკოინის ფასი ყველაზე მკვეთრად გაიზარდა დიდი კაპიტალიზაციის მიმკოინებს შორის და ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 14.2%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ტოპ მიმკოინები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. წყარო: CoinMarketCap