იტალიურმა ბანკებმა მხარი დაუჭირეს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ციფრული ევროს ინიციატივას, თუმცა მოითხოვენ, რომ დანერგვის ხარჯები რამდენიმე წელზე გადანაწილდეს, იმ ფინანსური ტვირთის გამო, რომელსაც ის სექტორს აკისრებს.
“ჩვენ ციფრული ევროს ვემხრობით, რადგან ის ციფრული სუვერენიტეტის კონცეფციას განასახიერებს. მართალია, ბანკების მიერ გასაწევი კაპიტალური დანახარჯები ძალიან მაღალია, მაგრამ მათი დროული გადანაწილება შესაძლებელია“, - განაცხადა იტალიის საბანკო ასოციაციის (ABI) გენერალურმა მენეჯერმა მარკო ელიო როტინიმ ფლორენციაში გამართულ პრეს-სემინარზე.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტს წინააღმდეგობა შეხვდა ზოგიერთი ფრანგული და გერმანული ბანკისგან, რომლებსაც ეშინიათ, რომ ECB-ის მიერ მხარდაჭერილი საცალო საფულის დანერგვამ შესაძლოა კომერციული კრედიტორების დეპოზიტები ამოწუროს.
ECB-ი ციფრული ევროს გაშვებას 2029 წელს გეგმავს
ფლორენციაში, 29-30 ოქტომბრის შეხვედრაზე, ორწლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ECB-ის მართვის საბჭომ პროექტის შემდეგ ფაზაში გადასვლა დაადასტურა. საყოველთაო დანერგვა 2029 წლისთვის არის დაგეგმილი — იმ პირობით, რომ 2026 წელს ევროკავშირში შესაბამის კანონმდებლობას მიიღებენ, ხოლო 2027 წელს საპილოტე ფაზა დაიწყება.
ევროპარლამენტის წევრმა, ფერნანდო ნავარეტემ, რომელიც პარლამენტის მიერ ამ წინადადების განხილვას უდგას სათავეში, ცოტა ხნის წინ წარადგინა პროექტის ანგარიში, რომელიც ციფრული ევროს შეკვეცილი ვერსიის დანერგვაზე აკეთებს აქცენტს, რათა დაცული იყოს ისეთი კერძო გადახდის სისტემები, როგორიცაა Wero (14 ევროპული ბანკის ერთობლივი ინიციატივა).
როტინის თანახმად, ევროპამ უნდა ჰქონდეს “ორმაგი მიდგომა“, რომელიც ECB-ის ციფრულ ევროს კომერციული ბანკების მიერ მხარდაჭერილ ციფრულ ვალუტებთან შეუთავსებს.
ECB-ი ტექნოლოგიურ ფირმებთან ციფრული ევროს განვითარების შესახებ შეთანხმებებს აფორმებს
გასულ თვეს, ECB-მა საბოლოო შეთანხმებები გააფორმა შვიდ ტექნოლოგიურ პროვაიდერთან, რათა მხარი დაუჭიროს ციფრული ევროს განვითარებას. შეთანხმებები მოიცავს თაღლითობისა და რისკების მართვას, გადახდის მონაცემების უსაფრთხო გაცვლასა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.
ECB-ის თანახმად, შერჩეული ფირმები ასევე შეიმუშავებენ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ გადახდები ოფლაინ, ადრესატის გადახდის სერვისის პროვაიდერის ცოდნის გარეშე.
