ირანის კრიპტო მაინინგის ინდუსტრია ფართომასშტაბიანი უკანონო მაინინგის კრიზისის წინაშე დგას. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყნის 427,000 აქტიური მაინინგ მოწყობილობის 95%-ზე მეტი ავტორიზაციის გარეშე მუშაობს.
თეირანის პროვინციის ელექტროენერგიის განაწილების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, აქბარ ჰასან ბექლუმ კვირას განაცხადა, რომ ირანი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კრიპტო მაინინგ ჰაბად იქცა. ამას კი სუბსიდირებული ელექტროენერგიის ფასებმა შეუწყო ხელი და ირანი “უკანონო მაინერების სამოთხედ“ აქცია.
არალიცენზირებული ოპერაციები დღე-ღამის განმავლობაში 1,400 მეგავატზე მეტ ენერგიას მოიხმარს, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ეროვნულ ქსელზე და საფრთხეს უქმნის ელექტრომომარაგების სტაბილურობას.
ბექლუმ აღნიშნა, რომ უკანონო მაინერების უმეტესობა თავის საქმიანობას სამრეწველო ობიექტებად ნიღბავს, რათა უფრო იაფ ენერგიაზე მიიღოს წვდომა.
ირანმა 104 უკანონო კრიპტო ფერმა დახურა
ხელისუფლებამ უკანონო ოპერაციების წინააღმდეგ ზომები უკვე გაამკაცრა. ბექლუს თქმით, მხოლოდ თეირანის პროვინციაში 104 არასანქცირებული მაინინგ ფერმა დაიხურა და ამოღებული 1,465 დანადგარი, რაც თითქმის 10,000 ოჯახის ელექტროენერგიის მოხმარების ექვივალენტია.
მთავრობამ უკანონო მაინინგის რამდენიმე ცხელი წერტილიც გამოავლინა, მათ შორისაა, ფაქდაშტი, მალარდი, შაჰრე ქოდსი და თეირანის სამხრეთ-დასავლეთის სამრეწველო ზონები. ინსპექტორებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა გვირაბებსა და ქარხნებში დამალული ფერმები, რომლებიც იყენებდნენ სუბსიდირებულ ენერგიას.
ბექლუმ განაცხადა, რომ სპეციალიზებული ინსპექტირების ჯგუფები სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე.
ჯილდი უკანონო მაინინგის შესახებ შეტყობინებისთვის
აგვისტოში ირანის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ფულად ჯილდოს შესთავაზებენ მოქალაქეებს, რომლებიც უკანონო კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაციების შესახებ მათ შეატყობინებენ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომუნალური კომპანია Tavanir-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მოსტაფა რაჯაბ მაშადიმ თქვა, რომ ინფორმატორები მიიღებენ 1 მილიონ ტომანს (დაახლოებით $24) ყოველი შეტყობინებული არასანქცირებული მაინინგ მოწყობილობისთვის.
CoinLaw-ის ივნისის ანგარიშის თანახმად, ირანი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა Bitcoin-ის (BTC) ჰეშრეიტის განაწილებაში, რაც ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრის 4.2%-ს შეადგენს. შეერთებული შტატები 44%-ით ლიდერობს, მას მოსდევს ყაზახეთი (12%), რუსეთი (10.5%) და კანადა (9%).