ოქრომ, რომელიც ქონების შენახვის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სანდო საშუალებაა, ბოლო 24 საათში მკვეთრი ვარდნა განიცადა, რამაც ბაზრიდან ტრილიონობით დოლარი გააქრო — იმაზე მეტი, ვიდრე მთელი Bitcoin-ის (BTC) ღირებულებაა.
საფინანსო ანალიტიკური გამოცემის, The Kobeissi Letter-ის თანახმად, ოქროს ბაზარზე სამშაბათს დაწყებული მასიური კორექცია ოთხშაბათსაც გაგრძელდა, რის შედეგადაც, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2.5 ტრილიონით შემცირდა.
8%-იანი კლების შედეგად, ოქრო 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ორდღიანი ვარდნის წინაშე დადგა და პანიკა გამოიწვია იმ ინვესტორებში, რომლებიც ამ აქტივს ინფლაციისა და ბაზრის მერყეობისგან თავის დაცვის საშუალებად იყენებდნენ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2022 წლის დასაწყისში ოქროს ფასი 60%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი და ორნიშნა პროცენტული ვარდნებით უფრო მეტად ცნობილია Bitcoin-ი, რომელსაც ხშირად „ციფრულ ოქროს“ უწოდებენ მისი შეზღუდული მიწოდების გამო, ოქროს ფასის ბოლოდროინდელი კლება ცხადყოფს, რომ არც ყველაზე სტაბილურ აქტივებს აქვს სრული იმუნიტეტი მასობრივი გაყიდვების მიმართ.
ოქროს 7%-იანი ვარდნა იშვიათია — მიზეზები
შვეიცარიელი ინვესტორის, ალექსანდერ სტაჰელის თქმით, ასეთი მასშტაბის კორექცია უკიდურესად იშვიათია და, თეორიულად, „ყოველ 240,000 სავაჭრო დღეში ერთხელ“ უნდა მოხდეს.
„ოქრო სტატისტიკის გაკვეთილს გვიტარებს,“ — განაცხადა სტაჰელმა და დაამატა, რომ 1971 წლიდან მსგავსი ან კიდევ უფრო დიდი ვარდნები უკვე 21-ჯერ იყო.
მისი თქმით, ამჯერად ვარდნის მიზეზი გახდა ე.წ. FOMO — “გამოტოვების შიშის სინდრომი“, რადგან ინვესტორები სულ უფრო მეტად ცდილობდნენ აქტივზე წვდომას, იქნებოდა ეს ოქროს ზოდებში თუ ტოკენიზებული ოქრო.
კრიპტოს “შიშისა და სიხარბის” ინდექსი 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
რადგან ოქროს $2.5-ტრილიონიანი ვარდნა აჭარბებს Bitcoin-ის მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციას, რომელიც $2.2 ტრილიონს შეადგენს, ზოგიერთ კომენტატორი ხაზს უსვამს კორექციის მასშტაბს მთლიან კრიპტობაზართან შედარებით.
„საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, ოქროს დღევანდელი ვარდნა ყველა არსებული კრიპტოვალუტის ღირებულების 55%-ს უდრის,“ — დაწერა ტრეიდერმა პიტერ ბრანდტმა X-ზე.
Bitcoin-ი, რომელსაც დიდი ხანია აკრიტიკებენ ფასის მერყეობის გამო და შესაბამისად, ზოგჯერ სანდო აქტივადაც არ მიიჩნევენ, დღიურის მაქსიმუმის, $114,000-ის შემდეგ 5.2%-ით დაეცა, თუმცა ამ სტატიის წერის მომენტში დღიური ვარდნა მხოლოდ 0.8%-ს შეადგენდა (Coinbase-ის მონაცემებით).
მართალია, Bitcoin-ის სპოტ ETF-ებში გუშინ $142 მილიონი შემოსავალი დაფიქსირდა, მაგრამ მთლიანი კრიპტობაზრის განწყობა „ექსტრემალური შიშის“ ზონამდე დავარდა — კრიპტოს შიშისა და სიხარბის ინდექსმა ბოლოს 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ ნიშნულს მიაღწია.
ოქროს ფასის ეს მერყეობა მოჰყვა Deutsche Bank-ის მაკროსტრატეგის, მარიონ ლაბურეს დაკვირვებას, რომელმაც ოქროსა და Bitcoin-ს შორის პარალელები გამოკვეთა და აღნიშნა, რომ ეს კრიპტოაქტივი შეიძლება მიმზიდველი საცავი გახდეს.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დოლარში ახალ მაქსიმუმებზე პარაბოლური ზრდის მიუხედავად, ოქრომ თავის რეალურ, ინფლაციის მიხედვით კორექტირებულ ყველა დროის მაქსიმუმს მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში გადააჭარბა.