გერმანიის პარლამენტი მზად არის განიხილოს ინიციატივა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, აღიაროს Bitcoin-ი უნიკალურ, დეცენტრალიზებულ ციფრულ აქტივად, რომელიც სტრატეგიულ მიდგომას იმსახურებს.
გერმანიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ბუნდესტაგს უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით, რომელიც ეწინააღმდეგება Bitcoin-ის (BTC) ზედმეტად რეგულირებას.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ Bitcoin-ი ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა კრიპტო აქტივებისგან და ის არ უნდა მოექცეს ევროპის მასშტაბით მოქმედი კრიპტო მარეგულირებელი ჩარჩოს, MiCA-ს ფარგლებში.
“Bitcoin-ის სერვისის პროვაიდერებისა და მომხმარებლების გადამეტებული რეგულირება, MiCA-ის იმპლემენტაციის ფონზე, საფრთხეს უქმნის გერმანიის ინოვაციურ შესაძლებლობებს, ფინანსურ თავისუფლებასა და ციფრულ სუვერენიტეტს“, – ნათქვამია ინიციატივაში.
სტარტეგიული როლი
ინიციატივაში AfD-მა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი საგადასახადო ჩარჩო BTC-ის მიმართ “ცალსახად დადებითია“, მაგრამ კვლავ არსებობს სამართლებრივი ბუნდოვანება, რომელიც აბრკოლებს კერძო გრძელვადიან ინვესტიციებს.
AfD გერმანელ კანონმდებლებს მოუწოდებს, განიხილონ Bitcoin-ი სტრატეგიულ აქტივად და ეროვნული რეზერვების ნაწილად.
“გერმანიის მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო ეღიარებინა Bitcoin-ი სტრატეგიულ აქტივად, რომელიც სავალუტო რეზერვებში ინახება და მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ინტეგრაციისთვის ან მზარდი მონეტარული არასტაბილურობის პირობებში”, - ამბობენ AfD-ში.
AfD მხარს უჭერს საგადასახადო შეღავათებისთვის 12-თვიანი ფლობის პერიოდის შენარჩუნებას, Bitcoin-ის დღგ-სგან გათავისუფლებასა და ფიზიკური პირებისთვის პირადი პასუხისმგებლობის უფლების უზრუნველყოფას.
ამ ინიციატივით, AfD-ის საპარლამენტო ჯგუფმა გერმანია ევროკავშირის იმ სახელმწიფოების მზარდ სიას დაამატა, რომლებიც Bitcoin-ის ეროვნული რეზერვის შექმნასა და MiCA-ს რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ.
22 ოქტომბერს, ერიკ სიოტიმ პარტიიდან “მემარჯვენეების კავშირი რესპუბლიკისთვის“ მსგავსი ინიციატივა წარადგინა საფრანგეთშიც და მთავრობას მოუწოდა, შეარბილოს MiCA-ს რეგულაციები სტეიბლკოინების ხელშეწყობის მიზნით, ხოლო ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDCs) საერთოდ აკრძალოს.
მაგრამ ყველა არ ფიქრობს, რომ MiCA-მ ევროპაში კრიპტოს ათვისება შეაფერხა. ამერიკულმა ბლოკჩეინ ანალიტიკურმა კომპანია Chainalysis-მა განაცხადა, რომ MiCA-ს ჩარჩომ, რომელიც 2024 წლის ბოლოს იქნა სრულად დანერგილი, გერმანიას ხელი შეუწყო, კრიპტო-ფირმებისთვის სასურველ დანიშნულების ადგილად ქცეულიყო.
ევროპაში კრიპტოს ათვისების ბოლო ანგარიშში Chainalysis-მა გერმანია კონტინენტზე სიდიდით მესამე ქვეყნად დაასახელა ათვისებული კრიპტო აქტივების მთლიანი ღირებულებით.