საფრანგეთის კანონმდებლები ემზადებიან წინადადების განსახილველად, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მიერ სტეიბლკოინების, Bitcoin-ისა თუ სხვა ციფრული ვალუტების ათვისებაზე.

ოთხშაბათს შეტანილ რეზოლუციის პროექტში, “რესპუბლიკისთვის მემარჯვენეთა კავშირის” წევრმა ერიკ სიოტიმ წამოაყენა წინადადება, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ აკრძალოს ციფრული ევრო და მის ნაცვლად ხელი შეუწყოს “ევროს სტეიბლკოინების გავრცელებასა და კრიპტოაქტივებში ინვესტირებას“.

რეზოლუციაში მოხსენიებულია აშშ-ის მცდელობები, აკრძალოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) და ხელი შეუწყოს სტეიბლკოინებს GENIUS აქტის მეშვეობით, რომელიც ივლისში იქნა მიღებული.

წინადადებაში პირდაპირ არ არის ნახსენები ეროვნული BTC რეზერვის შექმნა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, სიოტის განზრახვა იყო, რომ საფრანგეთის მთავრობას კრიპტოვალუტის მთლიანი მარაგის 2% შეენახა, რაც, ამ მომენტისთვის, დაახლოებით, $48 მილიარდის ექვივალენტია. BTC-ისა და კრიპტოს სტრატეგიული რეზერვების შექმნას ცდილობს აშშ-ის მთავრობაც.

აგვისტოში, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პარტია Rassemblement National ითხოვდა, რომ საფრანგეთის მთავრობას BTC მოეპოვებინა ქვეყნის ატომური ელექტროსადგურებიდან მიღებული ჭარბი ენერგიის გამოყენებით.

კიდევ ერთი ქვეყანა კრიპტო რეზერვების პოლიტიკით?

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მიერ BTC-ისა და კრიპტო მარაგების შექმნის მცდელობების გარდა, ამგვარ ვარიანტებს სხვა ქვეყნებიც განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული აქტივების რეზერვის შექმნის შესწავლა დაიწყეს ყირგიზეთის კანონმდებლებმაც Binance-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ჩანპენ ჭაოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ამჟამად მთავრობის კრიპტო კომიტეტის მრჩევლად მუშაობს.

ამავდროულად, ბუტანის ერთ-ერთმა ეკონომიკურმა ცენტრმა იანვარში განაცხადა, რომ გეგმავს სტრატეგიული კრიპტო რეზერვის შექმნას BTC-ისა და სხვა ტოკენების გამოყენებით.