ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პირველად დაწესდა შეზღუდვები კრიპტოვალუტის პლატფორმებზე.

ხუთშაბათს მიღებული ზომები კრძალავს რუსეთში დაფუძნებულ კრიპტო გადახდების პროვაიდერებს და მათ მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებას ბლოკის მასშტაბით. სანქციები ასევე ვრცელდება რუსულ ენერგეტიკულ ფირმებზე, ბანკებზე და ჩინეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ჰონგ კონგსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებულ სუბიექტებზე, რომლებიც მოსკოვისთვის უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან არიდებაში დახმარებაში არიან ბრალდებულნი.

“ჩვენ ახლახან მივიღეთ სანქციების მე-19 პაკეტი. ის მიზანში იღებს რუსულ ენერგეტიკას, ბანკებს, კრიპტობირჟებსა და სუბიექტებს, მათ შორის, ჩინეთში. ევროკავშირი ასევე არეგულირებს რუსი დიპლომატების გადაადგილებას დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა

რუსეთზე დაწესებული სანქციების მეცხრამეტე პაკეტი. წყარო: European Council

ევროკავშირი სანქციებს უწესებს რუსულ რუბლზე მიბმულ A7A5 სტეიბლკოინს

ევროპის საბჭოს ცნობით, რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს ციფრულ აქტივებს ფინანსური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

“ბოლო აქტივობებმა დაადასტურა რუსეთის მიერ კრიპტოს მზარდი გამოყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისას“, — განაცხადა საბჭომ ხუთშაბათს.

პაკეტის თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით უნდა აიკრძალოს რუბლზე მიბმული A7A5 სტეიბლკოინი, რომელსაც “აგრესიული ომის მხარდამჭერი საქმიანობის დაფინანსების თვალსაჩინო ინსტრუმენტად” მოიხსენიებენ.

ეს მოიცავს სანქციებს ამ სტეიბლკოინის ყირგიზ მიმწოდებელსა და იმ დაუდგენელი ციფრული აქტივების პლატფორმის ოპერატორზე, რომელზეც A7A5-ის „მნიშვნელოვანი მოცულობა“ ივაჭრებოდა.

ტრანზაქციების კრძალვა ასევე ვრცელდება სულ მცირე რვა ბანკსა და ნავთობის მოვაჭრეზე ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, ჰონგ კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

ევროკავშირმა რუსული კრიპტო პლატფორმების დაბლოკვის საკითხი 19 სექტემბერს დააყენა, რასაც A7A5 სტეიბლკოინის აკრძალვის შესახებ დისკუსიაც მოჰყვა.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ნავთობკომპანიები სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდნენ ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორიცაა Bitcoin-ი (BTC), Tether-ის USDt (USDT) და ასე ახორციელებდნენ ათობით მილიონი დოლარის გადახდებს.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, ნიუ-იორკში მცხოვრებ ორ რუსეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს სანქცირებული რუსული სუბიექტებისთვის გადახდების ხელშეწყობაში. იური გუგინსა და იური მაშუკოვს 22 სისხლის სამართლის დანაშაული ედებოდათ ბრალად, მათ შორის, $540 მილიონზე მეტის გათეთრება თავიანთი კრიპტოკომპანიების, Evita Investments-ისა და Evita Pay-ის მეშვეობით.