ინგლისის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, სარა ბრიდენი იმედოვნებს, რომ მთავრობა სტეიბლკოინების რეგულაციებში აშშ-ის ტემპს შეინარჩუნებს. მისი აზრით, “არსებითად მნიშვნელოვანია“, $310-მილიარდიანი ინდუსტრიის მარეგულირებელ წესებზე მოკავშირეები სინქრონიზებულნი იყვნენ.

ლონდონში, SALT-ის კონფერენციაზე ბრიდენმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი სტეიბლკოინების მარეგულირებელ ჩარჩოს “ისევე სწრაფად“ განახორციელებს, “როგორც აშშ“.

წყარო: Bloomberg

ბრიდენმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის რეგულატორები აშშ-ის ხელისუფლებასთან საუბრობენ და ინგლისის ბანკი სტეიბლკოინების შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტის გამოქვეყნებას 10 ნოემბერს გეგმავს.

“მე ვისაუბრე ფედერალურ რეზერვთან […] იქაური რეგულატორები და ჩვენი ფინანსთა სამინისტროები ერთად მუშაობენ“, - თქვა მან.

ბოლო განცხადებები გაგრძელებაა დიდი ბრიტანეთის კანცლერის, რეიჩელ რივზის და აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის სექტემბრის შეხვედრისა, რომელზეც ორმა ქვეყანა შეთანხმდა, რომ კრიპტოსა და სტეიბლკოინებთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინაციას გააძლიერებდნენ.

შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც დიდი ბრიტანეთის კრიპტო ადვოკატირების ჯგუფებმა მოუწოდეს მთავრობას, უფრო ღია პოზიცია დაეკავებინა ინდუსტრიის მიმართ. მათი მტკიცებით, არსებული მიდგომის გამო ქვეყანა ინოვაციებსა და პოლიტიკაში ჩამორჩა.

ინგლისის ბანკი მკაცრად გააკრიტიკეს ლობირების ჯგუფებმა 2023 წლის ბოლოს შეთავაზებული ინიციატივისთვის, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური სტეიბლკოინების მფლობელობა უნდა შეზღუდულიყო 10,000-დან 20,000-მდე ბრიტანული ფუნტით ($13,050 და $26,100). კრიტიკოსების თქმით, ამის განხორციელება რთული და ძვირი იქნებოდა.

სტეიბლკოინების რეგულირებას კანადაც გეგმავს

კანადის მთავრობამ სამშაბათს წარადგინა სტეიბლკოინების რეგულირების გეგმა, რომელიც მოითხოვს, ნაღდ ფულზე მიბმული ტოკენების ემიტენტებმა შეინარჩუნონ განსაზღვრული ოდენობის რეზერვები და მიიღონ რისკების მართვის მტკიცე ზომები.

დოკუმენტში არაა მითითებული, როდის წარადგენენ კანონმდებლობას, მაგრამ ის ნაწილია გადახდების მოდერნიზების უფრო ფართო გეგმის, რომლის მიზანია ციფრული ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი და უსაფრთხო გახდეს ქვეყნის 41.7-მილიონიანი მოსახლეობისთვის.

სტეიბლკოინების ინსტიტუციური ათვისება იზრდება

ამავდროულად, იზრდება კორპორაციული სტეიბლკოინების გამოყენება. ბოლო თვეებში, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Western Union-ი, SWIFT-ი, MoneyGram-ი და Zelle, სტეიბლკოინების ინტეგრაციაზე უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ.

აშშ-ის ხაზინის ვარაუდით, $310-მილიარდიანი სტეიბლკოინების ბაზარი 2028 წლისთვის $2-ტრილიონიან ინდუსტრიად გადაიქცევა.