ილონ მასკმა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული და “სიმართლეზე“ ორიენტირებული ენციკლოპედია, რომელიც Wikipedia-ის ალტერნატივა უნდა იყოს. მასკს ამ პლატფორმასთან სარედაქციო პრაქტიკის გამო აქვს უთანხმოება.

გაშვების შემდეგ, ორშაბათს, X-ზე გავრცელებულ პოსტებში, მასკმა განაცხადა, რომ Grokipedia “სრულად ღია კოდისაა (open source), ნებისმიერს შეუძლია მისი უფასოდ გამოყენება“ და მისი მიზანია “სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“.

“სრულყოფილები ვერასდროს ვიქნებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ მიზნისკენ მაინც ვისწრაფვით“, — თქვა მასკმა.

ერთ-ერთმა X-ის მომხმარებელმა უკვე შენიშნა განსხვავება ამ პლატფორმებზე ჯორჯ ფლოიდის (აფრო-ამერიკელი მამაკაცი, რომელიც ფლორიდის პოლიციის ოფიცერმა დააპატიმრებისას მოკლა) შესახებ სტატიებს შორის.

მომხმარებელმა აღნიშნა, რომ Grokipedia-ს სტატიის პირველი აბზაცი ხაზს უსვამდა ფლოიდის კრიმინალურ წარსულს, ხოლო Wikipedia-ის სტატია ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ის “თეთრკანიანმა“ პოლიციელმა მოკლა.

Grokipedia vs Wikipedia. წყარო: Elon Musk

აღსანიშნავია, რომ სერვისის გაშვება რამდენიმე დღით გადაიდო, რადგან მასკს Grokipedia-ის “პროპაგანდისგან გაწმენდა“ სურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაშვების შემდეგ პლატფორმა დროებით გაითიშა, თუმცა ონლაინ რეჟიმს მალევე დაუბრუნდა.

წერის მომენტისთვის, საიტი სრულად ფუნქციონირებს და არსებული ინფორმაციით, მასზე უკვე 885,000-ზე მეტი სტატიაა განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ Grokipedia-ს სპეციფიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მწირია, ერთი შეხედვით, AI-ინტეგრაცია Wikipedia-სგან მკვეთრად განსხვავებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას ქმნის.

Grokipedia-ს შემთხვევაში, პლატფორმაზე კონტენტის განსაზღვრასა და მოდერაციაზე პასუხისმგებელი X-ის Grok AI-ია, ხოლო Wikipedia მოხალისეებისა და ავტომატიზებული ხელსაწყოების ნაზავს ეყრდნობა.

მასკმა ორშაბათს განმარტა, რომ მომხმარებლებს Grokipedia-ზე კონტენტში ცვლილებების შეტანა ან ამის მოთხოვნა შეეძლებათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას AI მიიღებს.

“Grok-მა დაახლოებით 1 მილიონი სტატია შექმნა გამოთვლითი რესურსის გამოყენებით. თქვენ შეგეძლებათ, Grok-ს სტატიების დამატება/შეცვლა/წაშლა სთხოვოთ და ის ან განახორციელებს მოქმედებას ან გეტყვით, რომ ამას არ გააკეთებს და აგიხსნით კიდევაც რატომ“, — დაწერა მასკმა X-ზე.

მილიარდერმა Wikipedia არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის მიკერძოებულია პოლიტიკური და კულტურული მემარცხენეების მიმართ.

მასკი იშველიებს კვლევებსაც, რომლებიც Wikipedia-ის მიკერძოებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“სტატიების ენისა და ტონის ანალიზი ავლენს ნეიტრალურობიდან გადახრებს, კერძოდ, მემარჯვენე პოლიტიკური ფიგურები და თემები უფრო ხშირადაა უარყოფითად მოხსენიებული მემარცხენეებთან შედარებით, რასაც განაპირობებს რედაქტორების დემოგრაფია და წყაროების შერჩევა,“ – ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, Wikipedia-ის სტატია Grokipedia-ის შესახებ აქცენტს აკეთებს კრიტიკოსების შეშფოთებაზე, რომ Grokipedia შეიძლება იყოს მიკერძოებული და ილონ მასკის “ულტრამემარჯვენე“ შეხედულებებისკენ გადახრილი.