ანტრეპრენიორი და მილიარდერი ილონ მასკი გეგმავს მესენჯერის, X Chat-ის გაშვებას, რომელიც კონკურენციას გაუწევს Telegram-სა და WhatsApp-ს.
მასკი იმედოვნებს, რომ ახალი შეტყობინებების აპლიკაცია “რამდენიმე თვეში“ გამოვა და დაამატა, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს არ გაყიდის ან გაუზიარებს რეკლამის განმთავსებლებს, “განსხვავებით Whatsapp-ისგან”.
კითხულობს თუ არა WhatsApp თქვენს შეტყობინებებს?
WhatsApp-ის მშობელი კომპანია, Meta აცხადებს, რომ მას არ აქვს წვდომა პირად შეტყობინებებზე და ხშირად დასმულ კითხვებში განმარტავს, რომ ადამიანებს შორის შეტყობინებები დაშიფრულია Signal Protocol-ის გამოყენებით. ეს ასევე მოიცავს ხმოვან შეტყობინებებს, მედიასა და დოკუმენტებს.
თუმცა, ცნობილია, რომ „მეტამონაცემები“, როგორიცაა, მაგალითად, ვის ესაუბრეთ და რამდენად ხშირად, არ არის დაშიფრული. WhatsApp-ი ასევე ავტომატურად არ შიფრავს თქვენი ჩატის ისტორიის სარეზერვო ასლებს.
ხშირად დასმული კითხვების სექციაში “აგროვებს თუ არა WhatsApp-ი თქვენს მონაცემებს ან ყიდის მათ?“, WhatsApp-ი თავს არიდებს კითხვის მეორე ნაწილზე პასუხის გაცემას და მხოლოდ განმარტავს, რომ “ჩვენ ვთანამშრომლობთ Meta-ს სხვა კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სერვისების მიწოდებას, გაუმჯობესებასა და მხარდაჭერას.“
მასკმა პირობა დადო, რომ X Chat-ს მსგავსი სარეკლამო პროტოკოლი არ ექნება. აპლიკაცია X პლატფორმის ნაწილი იქნება, თუმცა მისი ცალკეც გამოყენებაც შესაძლებელია.
