განახლება (30 ოქტომბერი, 10:40 UTC): სტატია განახლდა ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური განცხადების შესატანად.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გადაწყვიტა ციფრულ ევროზე მუშაობის შემდეგ ფაზაზე გადავიდეს, მაგრამ იმ პირობით, თუ სამართლებრივი ჩარჩო დამტკიცდება.

ECB-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტაზე მუშაობა გაგრძელდება 2023 წლის ბოლოს დაწყებული მოსამზადებელი ფაზის დასრულების შემდეგ.

“თუ კანონმდებლობა ძალაში 2026 წლის განმავლობაში შევა, საპილოტე პროგრამა შეიძლება 2027 წელს დაიწყოს, ხოლო ციფრული ევროს პირველი ემისიისთვის ევროსისტემა მზად 2029 წელს უნდა იყოს“, – ნათქვამია ECB-ის განცხადებაში.

ევროკავშირის კანონმდებლები კვლავ ვერ თანხმდებიან, არის თუ არა CBDC კარგი იდეა

პროექტი მნიშვნელოვანი სკეპტიციზმის წინაშე აღმოჩნდა ბანკების, კანონმდებლების, წევრი სახელმწიფოებისა და საბოლოო მომხმარებლების მხრიდან, რასაც, ძირითადად, კონფიდენციალურობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული რისკები განაპირობებს.

კანონმდებლობა ევროპარლამენტში 2023 წლიდან განიხილება და პოლიტიკური შეშფოთებისა და 2024 წლის არჩევნების ფონზე შეფერხდა.

სექტემბერში, ECB-ის საბჭოს წევრმა, პიერო ციპოლონემ გაშვების პოტენციურ თარიღად 2029 წლის შუა რიცხვები დაასახელა და იწინასწარმეტყველა, რომ ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, ციფრულ ევროზე კონსენსუსს 2026 წლის მაისისთვის მიაღწევს.

ციპოლონეს თქმით, ციფრული ევრო უზრუნველყოფს, რომ ყველა ევროპელს ჰქონდეს წვდომა უფასო, უნივერსალურ ციფრულ საგადახდო საშუალებებზე, თუნდაც ისეთი შეფერხებების შემთხვევაში, როგორიცაა ომი ან კიბერთავდასხმები.

CBDC მსოფლიოს გარშემო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Atlantic Council-ის მონაცემებით, ოფიციალურად მხოლოდ სამი CBDC-ია მიმოქცევაში ჩაშვებული — ნიგერიაში, ბაჰამის კუნძულებზე და იამაიკაში. ამავდროულად, საპილოტე ფაზა 49 ქვეყანაში მიმდინარეობს.

CBDC ჯერ მხოლოდ სამმა იურისდიქციამ ჩაუშვა, მაგრამ ამ ვარიანტს ბევრი სხვაც იკვლევს. წყარო: The Atlantic Council

Human Rights Foundation-ი CBDC-ების პოტენციურ სარგებლად გადახდის გაუმჯობესებულ ეფექტურობასა და ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას ასახელებს.

ნაკლოვანებად კი დასახელებულია ის, რომ ამგვარმა ვალუტამ შეიძლება გამოიწვიოს კონფიდენციუალურობის დარღვევა და სამთავრობო კორუფციას ახალი გზები გაუხსნას.