Cointelegraph
Brayden LindreaBrayden Lindrea

აშშ-ის მთავრობის "შათდაუნი" სრულდება — რას ნიშნავს ეს კრიპტოსთვის?

Politico-ს ცნობით, აშშ-ის სენატმა მიაღწია შეთანხმებას მთავრობის "შათდაუნის" დასრულების თაობაზე, რამაც კრიპტო ბაზრებზე შესაძლოა პოზიტიური გავლენა იქონიოს.

აშშ-ის მთავრობის "შათდაუნი" სრულდება — რას ნიშნავს ეს კრიპტოსთვის?
ახალი ამბები

Politico-ს ცნობით, აშშ-ის სენატმა მიაღწია შეთანხმებას “შათდაუნის“ დასრულების შესახებ, რამაც კრიპტო ბაზარს შესაძლოა ნანატრი შვება მოუტანოს.

Politico-ს თანახმად, აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა აქვს, რათა საჭირო 60 ხმა მიიღოს.

ეს იყო სენატში რესპუბლიკელთა ლიდერის, ჯონ ტუნის მე-15 მცდელობა, მოეპოვებინა დემოკრატების მხარდაჭერა წარმომადგენლობითი პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტისთვის, რის შედეგადაც რეკორდული 40-დღიანი მთავრობის “შათდაუნის“ მოხსნა შესაძლებელი გახდა.

შეთანხმების დასრულებისთვის ოფიციალური კენჭისყრაა საჭირო.

გაურკვევლობა, თუ როდის განახლდებოდა აშშ-ის მთავრობის მუშაობა, იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც Bitcoin-ს (BTC) და ზოგადად კრიპტო ბაზარს აღმასვლის დაწყებას ხელს უშლიდა.

CoinGecko-ს მონაცემებით, “შათდაუნის“ დაწყებიდან ექვს დღეში, 6 ოქტომბერს, Bitcoin-ჯერ $126,080-მდე ავიდა და ახალი მაქსიმუმი დაფიქსირდა, მაგრამ მას შემდეგ 17%-ზე მეტით დაეცა და $104,370-მდე ჩამოვიდა.

Bitcoin-ის ფასი კიდევ უფრო შემცირდა 10 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ ჩინეთზე 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ ბაზრებზე შოკი გამოიწვია.

Bitcoin-ის ფასის ცვლილება 1 ოქტომბრიდან. წყარო: CoinGecko

ბოლო “შათდაუნის“ მოხსნის შემდეგ Bitcoin-ი 266%-ით გაიზარდა

აშშ-ის მთავრობის ბოლო “შათდაუნი“ 2018 წლის დეკემბრის ბოლოდან მომდევნო წლის იანვრის დასარულამდე იყო, ტრამპის პირველი ვადის დროს.

2019 წლის 25 იანვარს, მისი დასრულების შემდეგ, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში Bitcoin-ი 265%-ზე მეტით გაიზარდა, $3,550-დან $13,000-მდე.

პროგნოზირების ბაზრებზე “შათდაუნის“ ამ კვირაში დასრულებას ვარაუდობენ

Polymarket-ის პროგნოზირების ბაზარზე მოთამაშეები ვარაუდობენ, რომ მთავრობის “შათდაუნი“ ხუთშაბათს დასრულდება. 45%-ია იმის შანსი, რომ ეს სამშაბათიდან პარასკევამდე მოხდება.

ერთი დღის წინ ეს შანსი მხოლოდ 27% იყო.

შანსები, თუ როდის დასრულდება აშშ-ის მთავრობის “შათდაუნი“. წყარო: Polymarket

მსგავსი შანსებია პლატფორმა Kalshi-ზეც.

ამავდროულად, ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობა ტარიფებიდან მიღებული შემოსავლის სახით $2,000-ის დივიდენდს მიიღებს.

მისი თქმით, მაღალშემოსავლიანი პირების გამოკლებით, დივიდენდს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 85% მიიღებს.