კანადა, 2025 წლის ფედერალური ბიუჯეტის ფარგლებში, აპირებს დაარეგულიროს ფიატთან მიბმული სტეიბლკოინები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში სტეიბლკოინებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კანონები მიიღო აშშ-მაც.
სამშაბათს გამოქვეყნებული 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სტეიბლკოინების ემიტენტებს მოეთხოვებათ საკმარისი რეზერვების შენახვა, გამოსყიდვის პოლიტიკის დადგენა და რისკების მართვის ჩარჩოს განსაზღვრა, მათ შორის, პირადი და ფინანსური მონაცემების დაცვის ზომების მიღება.
2026-2027 ფისკალური წლიდან დაწყებული, Bank of Canada ორ წელიწადში $10 მილიონს გამოყოფს, რათა უზრუნველყოს პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. ამას მოჰყვება დაახლოებით $5 მილიონის ოდენობის წლიური ხარჯები, რომელიც დაიფარება სტეიბლკოინების ემიტენტების მიერ საცალო გადახდის აქტივობების კანონით რეგულირების შედეგად.
ეს აშშ-ის მიერ სტეიბლკოინების მარეგულირებელი GENIUS აქტის მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში არ არის მითითებული, როდის იქნება კანონმდებლობა წარდგენილი განსახილველად, ისაა უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს გადახდების მოდერნიზებას და ციფრული ტრანზაქციების დაჩქარებას, გაიაფებასა და მეტ უსაფრთხოებას ქვეყნის 41.7 მილიონი მოქალაქისთვის.
Coinbase Canada-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკას მატესონმა ორშაბათს CBC-ს განუცხადა, რომ ის ოპტიმისტურად უყურებს წინადადებას და თვლის, რომ ეს “სამუდამოდ შეცვლის, თუ როგორ ურთიერთობენ კანადელები ფულთან და ინტერნეტთან“.
სტეიბლკოინის ინსტიტუციური ათვისება იზრდება
სტეიბლკოინის ბაზარი ამჟამად $309.1 მილიარდს შეადგენს — აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აპრილში ვარაუდობდა, რომ ის 2028 წლისთვის $2 ტრილიონამდე გაიზრდება.
ინსტიტუციური ათვისება მზარდია, რადგან, ბოლო თვეებში, Western Union-ი, SWIFT-ი, MoneyGram-ი და Zelle სტეიბლკოინების ინტეგრაციაზე მეტ რესურსს ხარჯავენ.
გადახდების პლატფორმა Tetra Digital-ი კანადის სტეიბლკოინების სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელმაც კანადური დოლარის ციფრული ვერსიის შესაქმნელად $10 მილიონი მოიზიდა Shopify-ის, Wealthsimple-ისა და კანადის ეროვნული ბანკის ინვესტიციების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, კანადამ უარი თქვა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების გეგმებზე. Bank of Canada-ს გუბერნატორმა, ტიფ მაკლემმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის წინსვლის საფუძველი არ არსებობდა.