ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა დაასრულა მუშაობა წესებზე, რომლებიც კრიპტო კომპანიებს საბანკო ტიპის ზედამხედველობის ქვეშ მოაქცევს, სტეიბლკოინებით ტრანზაქციებსა და გარკვეულ გადარიცხვებს უცხოურ ვალუტად აკლასიფიცირებს.
ორშაბათს გამოქვეყნებული რეზოლუციებით, Banco Central do Brasil-მა (BCB) დააწესა ოპერაციული სტანდარტები და ავტორიზაციის პროცედურები იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ის Sociedades Prestadoras de Serviços de Ativos Virtuais (SPSAVs) უწოდებს — ეს არის ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების სერვისის მიმწოდებლების ახალი კატეგორია, რომელიც ქვეყანაში ოპერირებს.
ეს ჩარჩო მომხმარებელთა დაცვის, გამჭვირვალობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) არსებულ წესებს ავრცელებს კრიპტო ბროკერებზე, მფლობელებსა და შუამავლებზე.
ახალი წესები ძალაში 2026 წლის 2 თებერვალს შევა.
სტეიბლკოინები უცხოური ვალუტის წესების ქვეშ
521-ე რეზოლუციის მიხედვით, ფიატზე მიბმული ვირტუალური აქტივების ყიდვა, გაყიდვა ან გაცვლა, მათ შორის, საერთაშორისო გადარიცხვები ან ასეთი აქტივების გამოყენებით გადახდები, უცხოური ვალუტის (FX) ოპერაციად განიხილება.
ამ კლასიფიკაციით, სტეიბლკოინებით აქტივობები დაექვემდებარება იმავე ზედამხედველობას, რომელსაც უცხოური ფულადი გზავნილები ან ვალუტით ვაჭრობა.
ლიცენზირებულ FX ინსტიტუტებს და SPSAVs-ებს ამ ოპერაციების შესრულება შეეძლებათ დოკუმენტაციისა და ლიმიტების დაცვით. BCB-ის თანახმად, არალიცენზირებულ უცხოელ კონტრაგენტებთან თითო ტრანზაქციის ლიმიტი $100,000 იქნება.
ახალი კანონმდებლობა ასევე ვრცელდება საფულეებიდან გადარიცხვებსა და მათგან ვალუტის გამოტანაზე, როდესაც შუამავალი სერვისის მიმწოდებელია.
AML-ისა და გამჭვირვალობის ვალდებულებები გავრცელდება იმ სფეროებზე, რომლებიც აქამდე დარეგულირებული საფინანსო სისტემის ფარგლებს გარეთ იყო.
BCB-ი ამბობს, რომ მიზანი ეფექტურობისა და იურიდიული სიცხადის ხელშეწყობაა
განცხადებაში BCB-მ თქვა, რომ მისი მიზანია უზრუნველყოს “მეტი ეფექტურობა და იურიდიული სიცხადე“, თავიდან აიცილოს არბიტრაჟი და შეათანხმოს კრიპტო აქტივობები ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის სტატისტიკასთან. ეს ნიშნავს, რომ სტეიბლკოინებით გადარიცხვები ამიერიდან ოფიციალურ ფინანსურ მონაცემებში იქნება ხილვადი.
ეს ნაბიჯი მოჰყვა თვეების განმავლობაში მიმდინარე საჯარო კონსულტაციებსა და ცენტრალური ბანკის შეშფოთებას სტეიბლკოინების გამოყენების მკვეთრ ზრდაზე ბრაზილიაში. 7 თებერვალს, BCB-ის პრეზიდენტმა, გაბრიელ გალიპოლომ განაცხადა, რომ ბრაზილიაში კრიპტო აქტივობის დაახლოებით 90% სტეიბლკოინებს მოიცავდა და ისინი ძირითადად გადახდებისთვის გამოიყენებოდა.
გალიპოლოს თქმით, სტეიბლკოინების ფართო გამოყენება გადახდებში წარმოშობდა მარეგულირებელ და ზედამხედველობით გამოწვევებს, განსაკუთრებით, ფულის გათეთრებისა და გადასახადების სფეროებში.
ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს თაღლითობის და უკანონო საქმიანობის შეკავებას, ამასთანავე, იურიდიული სიცხადის შეთავაზებას კრიპტო ბაზრებისთვის.
ახალმა წესებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მცირე კრიპტო ბიზნესებზე
კრიპტო დეველოპერებისთვის ამან შეიძლება ხარჯები გაზარდოს. მცირე კრიპტო მოთამაშეები იძულებულნი იქნებიან, კონკურენცია გაუწიონ დიდ ინსტიტუტებს და დააკმაყოფილონ უფრო მკაცრი, საბანკო დონის სტანდარტები.
წესები ძალაში 2026 წლის თებერვალში შევა, მაგრამ ბაზრის მონაწილეები რესტრუქტურიზაციას უფრო მალე დაიწყებენ.
ბრაზილიისთვის, რომელიც კრიპტო აქტივობით ლათინურ ამერიკაში არგენტინის შემდეგ მეორეა, ახალი რეგულაციები პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითებს — ქვეყანა ექსპერიმენტული მიდგომიდან სრულ ზედამხედველობაზე გადადის.
ახალი წესები აჩვენებს, რომ კრიპტო ბრაზილიის ფინანსური ეკოსისტემისთვის მისასალმებელია, მაგრამ მას ფიატის წესებით თამაში მოუწევს.
