ბოლივიის არჩეული პრეზიდენტი როდრიგო პასი გეგმავს, რომ ქვეყნის მთავრობაში კორუფციას ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ებრძოლოს.
Associated Press-ის ცნობით, ორშაბათს, პასმა მეტოქე ხორხე კიროგა დაამარცხა და ხმების 54.5% მიიღო, ხოლო კიროგამ - 45.5%. ის თანამდებობას 8 ნოემბერს დაიკავებს. პასმა მეორე ტური ცენტრისტული, პრო-საბაზრო გზავნილით მოიგო. ის მემკვიდრეობით იღებს ეკონომიკას, რომელიც საწვავის დეფიციტისა და აშშ დოლარის ნაკლებობის გამო არასახარბიელო მდგომარეობაშია.
კრიპტო დამკვირვებლებისთვის, პასის სამთავრობო გეგმა მოიცავს ორ კონკრეტულ შეთავაზბეას ციფრულ აქტივებთან და ბლოკჩეინთან დაკავშირებით.
ბლოკჩეინი ბოლივიის რეფორმების დღის წესრიგშია
პირველი გეგმა არის ბლოკჩეინისა და ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენება საჯარო შესყიდვებში. "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" 2025 წლის ოფიციალური სამთავრობო პროგრამაში საუბარია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენებაზე სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკრეციის გამოსარიცხად. ეს მიზნად ისახავს საჯარო შესყიდვებში კორუფციასთან ბრძოლას და მოახდენს საკონტრაქტო პროცესების ავტომატიზაციას.
მეორე პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, კრიპტო აქტივები ახალ, უცხოური ვალუტის სტაბილიზაციის ფონდში დაადეკლარირონ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, ასეთი ფონდები სარეზერვო ავზებია, რომლებიც გამოიყენება ვალუტის სტაბილიზაციისა და იმპორტის გადასახადისთვის, როდესაც აშშ დოლარი მწირია. ამ სვლით მთავრობას შეუძლია უფრო მეტ რამეზე დააწესოს გადასახადი ან სწრაფად გადაცვალოს აქტივები ნაღდ ფულში მერყევი ტოკენების ფლობის გარეშე.
პასი კრიპტო პრაგმატიკოსია, მაგრამ არა მაქსიმალისტი. მისი პლატფორმა ბლოკჩეინს ანტიკორუფციულ ინსტრუმენტად განიხილავს, ხოლო დეკლარირებულ კრიპტო აქტივებს — ერთჯერადი აქტივების რეგულარიზაციის ნაწილად. ეს კეთდება იმისთვის, რომ სავალუტო სტაბილიზაციის ფონდს კაპიტალი შეემატოს. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება ეროვნულ დონეზე BTC-ის შემოღების, მისი რეზერვებში შენახვის ან საცალო ლეგალიზაციის შესახებ.
ბოლივია ციფრული ვალუტით გადახდებს მხარს უჭერს
Cointelegraph-ი ბოლივიის კრიპტო პოლიტიკის ცვლილებას 2024 წლიდან ადევნებს თვალს. 2024 წლის ივნისში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტო ტრანზაქციებზე ოპერაციული აკრძალვა მოხსნა და დაარეგულირა ელექტრონული არხები, რითაც გადახდების მოდერნიზებაზე მიანიშნა. ეროვნული ბანკის თანახმად, თვეების შემდეგ, ციფრული აქტივებით ვაჭრობის საშუალო თვიური მოცულობა, წინა 18 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, გაორმაგდა.
ცვლილება რეალურ ეკონომიკაშიც გაგრძელდა. 2024 წლის ოქტომბერში Banco Bisa-მ ინსტიტუტებისთვის USDt-ის (USDT) შენახვა დაიწყო. ის ბოლივიის ბანკებს შორის პირველი იყო. მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ნავთობის კომპანია YPFB განიხილავდა ენერგეტიკული იმპორტისთვის კრიპტოს გამოყენებას. სექტემბერში, მსხვილი ავტო ბრენდების ადგილობრივმა დისტრიბუტორებმა, მათ შორის, Toyota-მ, Yamaha-მ და BYD-მაც შემოიღეს USDT, რაც ექსპერიმენტების ზრდას ასახავს.
31 ივლისს ცენტრალურმა ბანკმა ხელი მოაწერა მემორანდუმს სალვადორთან და კრიპტოს ტრადიციული ვალუტის "სიცოცხლისუნარიანი და სანდო ალტერნატივა" უწოდა. ბანკში განაცხადეს, რომ ყოველთვიური კრიპტო ვაჭრობის მოცულობამ $46.8 მილიონს მიაღწია, წლის დასაწყისიდან 30 ივნისამდე კი $294 მილიონს.