ეკონომისტ ტიმოთი პიტერსონის თქმით, ბოლო ათწლეულის მონაცემების სიმულაციის თანახმად, 50%-ია იმის შანსი, რომ ბიტკოინის ფასი ამ თვეში $140,000-ს გადასცდეს.
ამის შესახებ მან X-ზე 8 ოქტომბერს დაწერა და აღნიშნა, რომ “43%-ია იმის შანსიც, რომ ბიტკოინის ღირებულება თვის ბოლოს $136,000-ზე ქვემოთ იყოს”.
$140,000-ს რომ მიაღწიოს, 14.7%-ით უნდა გაიზარდოს ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი, $122,032, რომელიც ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს, CoinMarketCap-ის თანახმად, ახალ რეკორდულ ნიშნულს, $126,200-ს მიაღწია
პიტერსონის თქმით, სიმულაცია აჩვენებს, რომ “ოქტომბერში ბიტკოინის ღირებულების ნავარაუდევი მატების ნახევარი უკვე სახეზეა.” Cointelegraph-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სიმულაციისთვის გამოყენებული იქნა ბიტკოინის ფასის დღიური მონაცემები 2015 წლიდან, რათა ნაჩვენები ყოფილიყო, როგორია ცვლილება დროთა განმავლობაში.
მოლოდინი: “ადამიანური ემოციისა და მიკერძოებული მოსაზრების გარეშე”
პიტერსონმა აღნიშნა, რომ მოლოდინის განმაპირობებელია “ასობით სიმულაცია რეალურ მონაცემებზე დაფუძნებით, ადამიანური ემოციისა და მიკერძოებულ მოსაზრების გარეშე”.
“ყველა პროექცია მიჰყვება ერთსა და იმავე ლოგიკას — ფასების ცვლილებას, რომელიც თანხვედრაშია ბიტკოინის რეალურ, ისტორიულ, განმეორებით მერყეობასა და რიტმთან”, - დაამატა მან.
პირველ ოქტომბერს ბიტკოინმა $116,500-ს მიაღწია, შესაბამისად, $140,000-მდე ფასის მატება 20.17%-იან ზრდა იქნება, რაც, ისტორიულად, კრიპტოვალუტისთვის თითქმის ოქტომბრის საშუალოა.
საშუალოდ, ოქტომბერი ბიტკოინისთვის მეორე ყველაზე კარგი თვეა 2013 წლიდან და Coinglass-ის თანახმად, ამ თვეში 20.75%-იანი ზრდაც დაფიქსირებულა.
პიტერსონი ამტკიცებს, რომ პროგნოზი დაცლილია “მიკერძოებისა და შეცდომებისგან”, რომლებიც გავლენას ახდენს მოკლევადიან განწყობებზე.
“შედეგი ცხადია — ალბათობაზე დაფუძნებული სურათი, რომელშიც ბიტკოინის ღირებულება, დიდი ალბათობით, გაიზრდება”.
მიუხედავად ამისა, ამ წლებში, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბიტკოინის ტრაექტორიამ გადაუხვია საბაზრო მოლოდინებს და პატერნებს, მაშინაც კი, როცა მონაცემები სხვა რამეზე მიუთითებდა, თანაც, მაღალი ალბათობით.
ბაზარზე ბიტკოინის კვლავ სჯერათ
სხვა კრიპტო ანალიტიკოსები კიდევ უფრო მაღალ ფასს მოელიან ორშაბათის შემდეგ, როდესაც ბიტკოინმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
კრიპტო ანალიტიკოსმა Jelle-მ სამშაბათს X-ზე დაპოსტა, რომ ბიტკოინი უმაღლეს ნიშნულთან იტრიალებს და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
“დათვების საქმე დასრულებულია. ზრდის დროა” — დაწერა Jelle-მ.
ამგვარი განწყობა აქვს კრიპტო ანალისტ მეთიუ ჰილანდს, რომელმაც იმავე დღეს დაწერა X-ზე: “წნევა იზრდება”.
მიუხედავად ამისა, პიტერსონი ხაზს უსვამს, რომ “ბაზრები არ არის შემთხვევითი მოკლევადიან პერიოდში”.
“ისინი ლიკვიდობის, განწყობისა და პოზიციონირების კუთხით ციკლურია. ოქტომბერი ისტორიულად მნიშვნელოვანია, რადგან ინსტიტუციური კაპიტალის ციკლების ცვლილებებს ასახავს: პორტფოლიოების გადაბალანსების მესამე კვარტლის დასასრულს, ფისკალური წლისთვის სახსრების დაგეგმვის დასაწყისსა და წლის დამასრულებელი ანგარიშების ფანჯრის გახსნის მოახლოებას”, - ხსნის ის.